ავღანეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში, ქალაქ ჯელელაბადის მახლობლად მოხდა.
მანქანა თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. აფეთქება იმ ადგილთან მოხდა, სადაც ავღანელი სამხედროებისა და მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლების შეხვედრა მიმდინარეობდა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ისინი მუსლიმების წმინდა თვის რამადანის დასრულებას აღნიშნავდნენ, რა დროსაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვრცელდებოდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
7 ივნისს ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ თალიბებთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბაირამის მეხუთე დღემდე იმოქმედებდა. თუმცა 16 ივნისს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაახანგრძლივეს.