ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. წვრთნა 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას 31-ე ბატალიონის და ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა.
სწავლების სცენარი ბრძანების გაცემას, პირადი შემადგენლობის ბრძოლისწინა აღჭურვას და შემოწმებას, სამოქმედო რაიონში გადაადგილებას, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას, საპატრულო ბაზის დაკავებას, დაშავებულის ევაკუაციას, სოფლის უხუცესებთან შეხვედრა-გასაუბრებას და სწავლების შემდგომ მიმოხილვას მოიცავდა.
სწავლების მიზანი ქართველი მშვიდობისმყოფელების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და ტაქტიკურ-ტექნიკური პროცედურების დახვეწა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს.
ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.