ავღანეთში აშრაფ ღანიმ და აბდულა აბდულამ ინაუგურაციის ორი ცერემონია ჩაატარეს და თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადეს
ავღანეთში აშრაფ ღანიმ და აბდულა აბდულამ ინაუგურაციის ორი ცერემონია ჩაატარეს და თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ გასული წლის სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, გამარჯვებულად აშრაფ ღანი გამოაცხადა, თუმცა აბდულა აბდულა შედეგებს თაღლითობას უწოდებს და არ აღიარებს.
ძველი მეტოქეები წინა მთავრობებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. დაპირისპირება მაშინ ხდება, როდესაც ავღანეთში ხელისუფლების და „თალიბანის“ მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.
აშრაფ ღანიმ, რომელიც 2014 წლის შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტია, ინაუგურაციის ცერემონია საპრეზიდენტო სასახლეში გამართა, აბდულა აბდულამ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპედარის სასახლეში. აშრაფ ღანის ინაუგურაციას ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი, ავღანეთში აშშ-ის ელჩი, როს ვილსონი და ნატო-ს კოალიციური ჯარების მეთაური, გენერალი სკოტ მილერი დაესწრნენ. ინაუგურაციის ცერემონიის დროს, აფეთქების და სროლის ხმა გაისმა. ფიცის დადების შემდეგ, აშრაფ ღანიმ თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი თალიბების გათავისუფლების მექანიზმები შეთანხმებულია და საპრეზიდeნტო განკარგულება 10 მარტს გამოიცემა.