ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ-ის მიერ გასულ წელს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას სამარცხვინო უწოდა
ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ-ის მიერ გასულ წელს ავღანეთიდან ჯარის გაყვანას სამარცხვინო უწოდა. აღნიშნულის შესახებ ჰამიდ ყარზაიმ „დოიჩე ველესთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა. ის, თუ როგორ გავიდა აშშ ავღანეთიდან, იყო სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი ჩვენთვის და მტკივნეული ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა ყარზაიმ.
ყარზაიმ, ხელისუფლებაში მოძრაობა „თალინაბის“ მოსვლის ფონზე, მოუწოდა ავღანელებს, გაერთიანდნენ და იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის, მათ შორის გოგონებისთვის და ქალებისთვის განათლების უფლებისთვის.
ამასთან, ინტერვიუში ყარზაიმ განაცხადა, რომ გამორიცხავს ქვეყნის დატოვებას და აღნიშნა, რომ რთულ დროს სამშობლოს არ ტოვებენ.
„ეს ჩვენი ქვეყანაა. ეს ჩვენი სახლია. რთულ დროს საკუთარ სახლს არ ტოვებენ. რჩები სახლში და აწესრიგებ მას“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ყოფილი პრეზიდენტი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ აშშ-ის მხრიდან ალ-ქაიდას ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციამ შესაძლოა, ავღანეთი კიდევ ერთხელ აქციოს საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორ ქვეყანად.
„ავღანეთი არასოდეს ყოფილა გლობალური ტერორის სპონსორი. ავღანეთი გლობალური ტერორის მსხვერპლი იყო. ავღანელი ხალხი იყო ტერორიზმის ყველაზე დიდი მსხვერპლი. ავღანელები ძალიან თანაუგრძნობენ 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებს, რადგან პირველ რიგში, ჩვენ დავზარალდით. ავღანელები არიან ტერორიზმის მსხვერპლნი და ამიტომ, სამწუხაროდ, ისინიც გახდნენ ტერორიზმთან ბრძოლის მსხვერპლნი. ამიტომ, ჩვენ არ გვინდა რაიმე შეხება გვქონდეს ტერორთან“, – განაცხადა ყარზაიმ.
გასული წლის 15 აგვისტოს „თალიბანის“ მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ და ქვეყანაში მათი მმართველობა გამოაცხადეს. იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობამ, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. „თალიბანის“ გააქტიურება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ჯარების გაყვანის პროცესი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა 30 აგვისტოს დაასრულა.