ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში 21 ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს
ავღანეთის ტერიტორიაზე 50 ათასზე მეტი რადიკალი მებრძოლი იმყოფება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰილალუდინ ჰილალმა უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო ფორუმზე, პეკინში განაცხადა.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 21 სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს.
„ავღანეთი სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისთვის დაპირისპირების საომარ ველად გადაიქცა. ისინი ერთმანეთს ძალაუფლებისთვის ებრძვიან“,- განაცხადა ფორუმზე ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ 50 ათას ტერორისტში 8023 უცხოელი რადიკალია. ყველაზე მასშტაბური ტერორისტული დაჯგუფება კი, ჰილალუდინ ჰილალის თქმით, მოძრაობა „თალიბანია“, რომლის მებრძოლთა რაოდენობა 38 ათასს აღწევს.