ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში „თალიბანის“ თავდასხმებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 32 ჯარისკაცი ემსხვერპლა
ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში „თალიბანის“ თავდასხმებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 32 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.
ავღანური მედიის ინფორმაციით, ნანგარჰარის პროვინციაში თალიბები საკონტროლო გამშვებ პუნქტებს დაესხნენ თავს. ნანგარჰარში მომხდარი შეტაკების შედეგად, ავღანეთის უსაფრთოხების ძალებმა „თალიბანის“ 29 წევრი მოკლეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბებმა თავდასხმა განახორციელეს ჰერათის პროვინციაშიც. ავღანური მედია წერს, რომ რადიკალური დაჯგუფების წევრებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.
პროვინციის გუბერნატორის, საიედ ვაჰიდ ყატალის განცხადებით, ჰერათში სამართალდამცველებმა 53 თალიბი მებრძოლი გაანეიტრალეს. „თალიბანის“ წევრებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდასხმა ბაღდისის პროვინციაშიც განახორციელეს. შეტაკებები მოხდა ურუზგანის რეგიონშიც.