ავღანეთის დედაქალაქში სამი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა
ავღანეთის დედაქალაქში სამი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ მონაცემებით, ერთი თავდასხმა ნავთობისა და მრეწველობის სამინისტროს თანამშრომლებით სავსე ავტობუსზე მოხდა. აფეთქებას სამინისტროს რვა თანამშრომელი ემსხვერპლა. მათ შორის ხუთი ქალი და ბავშვიც არიან. თავდასხმის დროს კიდევ 27 ადამიანი დაშავდა.
პირველი აფეთქებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, თავდასხმის ადგილთან რამდენიმე მეტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. მეორე აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.
ორი აფეთქებიდან ცოტა ხანში კი ქაბულში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან დაშავებულებიდან რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს ქაბულს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.