ავღანეთის ჩრდილოეთით „თალიბანის“ მიერ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმებს 52 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის ჩრდილოეთით „თალიბანის“ მიერ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმებს 52 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ თავდასხმების სერია განახორციელა, რასაც 52 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associate Press-ი ავრცელებს.

როგორც ყუნდუზის პროვინციის ხელმძღვანელმა იუსუფ აიუბიმ განაცხადა, დაშტი არჩის რაიონში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად 13 სამხედრო დაიღუპა, 15 კი დაშავდა. შეტევა საგუშაგოზე კვირას საღამოს დაიწყო და ორშაბათს დილამდე გაგრძელდა.
ჯუზჯანის პროვინციაში ხამიაბის რაიონში თალიბებმა უსაფრთხოების ძალებს რაიონული შტაბ-ბინა დაატოვებინეს.

„ინტენსიური ბრძოლა წარიმართა. ჩვენ არ გვსურდა, რომ სამოქალაქო შენობები დანგრეულიყო და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი ყოფილიყო“, – განაცხადა პროვინციის პოლიციის უფროსმა, რომლის თქმითაც, თავდასხმისას სულ მცირე რვა პოლიციელი დაიღუპა. ასევე მოკლულია შვიდი ისლამისტი მებრძოლი.

კიდევ 14 ავღანელი პოლიციელი და სამხედრო მოკლულია სამანგანის პროვინციაში. სარიპულის პროვინციაში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 17 წევრი დაიღუპა, შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლულია 39 თალიბი.