ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების გასვლის დაწყების შემდეგ, „თალიბანმა“ ქვეყნის 27 რაიონზე კონტროლი დაამყარა
ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების გასვლის დაწყების შემდეგ, ისლამისტურმა სამხედრო დაჯგუფება „თალიბანმა“ ქვეყნის 27 რაიონზე კონტროლი დაამყარა.
საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გასვლა პირველ მაისს დაიწყო და ეს პროცესი მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
მძიმე ბრძოლები „თალიბანს“ და ავღანეთის სამთავრობო ჯარებს შორის მსხვერპლის რაოდენობას ზრდის. მიმდინარე კვირაში შეტაკებებს ფარიაბის პროვინციაში ავღანეთის არმიის 20 სამხედრო ემსხვერპლა, როდესაც ისინი დავლათ აბადის რაიონზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობდნენ. აღნიშნულ რაიონზე „თალიბანმა“ კონტროლი ათი დღის წინ დაამყარა.
ავღანეთის ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, თალიბებმა რამდენიმე პროვინციაში სამთავრობო შენობები გაანადგურეს. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი „თალიბანს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნიდან კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ, „თალიბანის“ გარდა, ავღანეთში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებიც ძლიერდება.