ავღანეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე - ქართულმა მხარემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა
ქართულმა მხარემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, ბოსნიელი და სერბი მეგობრები გვეკითხებოდნენ, ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო, – ამის შესახებ ავღანეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქე ლევან ჯანიაშვილმა აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს და აღნიშნა, რომ ხვთისიაშვილი ხუთი დღის განმავლობაში მათთან სატელეფონო კავშირზე იყო, ამხნევებდა და გვერდში ედგა ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
„კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ბატონმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელიც მთელი ამ ხუთი დღის განმავლობაში გვამხნევებდა, ჩვენს გვერდით იყო სატელეფონო კავშირზე, ყველაფერი ეცადა, რაც ძალებს აღემატებოდა კი არა, მართლა აღემატებოდა, ისეთი კონტაქტები და ისეთი რაღაცები.. აეროპორტში გვყავდნენ ჩვენი მეგობრები, ბოსნიელები, სერბები და დღეს გვკითხეს, ვინ ხართ ეს ქართველებიო, რა ხდება-მეთქი და ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო, იქიდან სამინისტრო. თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს“, – განაცხადა ლევან ჯანიაშვილმა.
ავღანეთიდან 20 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა.