„ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალი, სადაც კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა, ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობს
„ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალი ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობს. კლინიკაში მხოლოდ ის თანამშრომლები არიან, რომელთა პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია. კლინიკის მთავარი ეპიდემიოლოგის, ეკა მამალაძის განმარტებით, ასეთი 15 ადამიანია.
დილიდან კლინიკაში დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
შეზღუდვების მიზეზი კლინიკაში „კოვიდ-19“-ის გამოვლენილი ორი შემთხვევაა. ორივე შემთხვევაში კორონავირუსი კლინიკის თანამშრომელს დაუდასტურდა.
როგორც მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, 27,28 და 29 აგვისტოს თანამშრომლები აჭარის რეგიონში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი თანამშრომელი ქუთაისში დარჩა, ერთი კი ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე.
„ორივე მათგანს „კოვიდ-19“-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყოთ. კლინიკის თანამშრომელთა დიდი ნაწილი თვითიზოლაციაშია. დღის ბოლომდე 50 თანამშრომლის ტესტის პასუხს ველოდებით“,- განაცხადა ეკა მამალაძემ.