ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მეორე პროექტი კალოუბნის N18-ში განხორციელდება
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი კალოუბნის N18-ში განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებთან შეთანხმება მიღწეულია და საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.
„ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც პროექტირების ეტაპზეა. კალოუბნის N18-ში მდებარე კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს აქ და მათი მოთხოვნის საფუძველზე, დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება. მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია. გაფორმებულია ხელშეკრულება საპროექტო კომპანიასთანაც, რომელიც დეტალურ პროექტირებას წლის ბოლომდე დაასრულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას გარემონტებული ფართები ჩაბარდება.
„პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ბინები ჩაბარდებათ. პროექტი ორი წლის განმავლობაში დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა რაიონების გამგებლებს მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, დედაქალაქში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, მაგრამ საზოგადოებას კონკრეტული პროგრამა წარვუდგინეთ, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლებში ეს შენობები ჩანაცვლდება. გამგებლებს მოგიწოდებთ – მაქსიმალური მხარდაჭერა ოჯახებს, რომლებიც ანალოგიურ ვითარებაში იმყოფებიან. არის შემთხვევები, როდესაც ზოგი მათგანი დამატებით ფართებს ითხოვს, მეზობლები ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხზე, რაც იწვევს პროექტის შეფერხებას, თუმცა ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზადყოფნა აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.