„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, 700 ბავშვი და მოზარდი ფინანსდება
თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, დღეისათვის 700 ბავშვი და მოზარდი იღებს დაფინანსებას.
ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერიამ მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების დაფინანსება 2015 წლის 1 ივლისს დაიწყო და პროგრამაში 325 ბავშვი ჩართო. მათ სერვისს სამი დაწესებულება აწვდიდა.
თბილისის მერია, პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს, ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს.
2016 წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3–ჯერ გაიზარდა და 566 ბავშვის დაფინანსება გახდა შესაძლებელი. მომსახურებაზე მოთხოვნის მატებამ, სერვისის მომწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდაც გამოწვია და დღეისათვის, პროგრამას უკვე 6 დაწესებულება ემსახურება.
2015 წლიდან პროგრამის ბიუჯეტი 5-ჯერ არის გაზრდილი და 2017 წელს 2 800 000 ლარს შეადგენს“,- აღნიშნავენ მერიაში.
თბილისის მერიის განცხადებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში“ 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის მონაწილე ბავშვების მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად ეტაპობრივად ხორციელდება ცვლილებები.
„ცვლილებების განხორციელება 2018 წლისთვისაც არის დაგეგმილი. კერძოდ, დაგეგმილია ბიუჯეტის გაზრდა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდას, კერძოდ, 2018 წლიდან მომლოდინეთა სიაში მყოფი 120 ბავშვი ეტაპობრივად ჩაერთვება პროგრამაში და ექნება მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიღების საშუალება“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.