„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება
თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად ბენეფიციარებს მომლოდინეთა რიგის დაკავება აღარ მოუწევთ.
„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში დღეისთვის მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 850 ბავშვი და მოზარდი იღებს, მარტიდან კი მათი რიცხვი 2 100 გახდება. პარალელურად, პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 1 350 000 ლარით გაიზრდება. თბილისის მერიის ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5 400 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პროგრამას სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებაც ემატება და პროგრამას, ჯამში, 10 ცენტრი მოემსახურება.
„პროგრამის ფარგლებში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. ინდივიდუალური განვითარების გეგმა პროგრამის მოსარგებლეზე მორგებულ სეანსებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც პროგრამის მოსარგებლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.