„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ მარტიდან დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ მარტიდან დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ მარტიდან დამატებით 300 ბავშვსა და მოზარდს ჩართავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭირო სეანსები, ჯამში, 1850 ბავშვსა და მოზარდს დაუფინანსდება.

„პროგრამის მოსარგებლეთა ზრდის პარალელურად, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვიც გაიზარდა და დღეისათვის პროგრამას ცხრა დაწესებულება ემსახურება. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ გვერდში დაუდგეს ამ ოჯახებს, ამ პატარებს, მოზარდებს და პროგრამა შეუფერხებლად განხორციელდეს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები. ამ მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა 2015 წელს დაწყებული პროგრამის ბიუჯეტის, სერვისის მიმწოდებელთა და ბენეფიციართა ზრდის დინამიკას და განაცხადა, რომ პროგრამის შეუფერხებლად განსახორციელებლად თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს.

„აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყებისას, 2015 წლის ივლისში პროგრამაში  სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. დღეისათვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს“, – განცხადა კახა კალაძემ.