ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე ყველა მერვედფინალისტი ცნობილი გახდა. 1/16 ფინალის ცენტრალურ მატჩში ანჟელიკ კერბერმა საათსა და ექვს წუთში გაანადგურა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა – 6:1, 6:3.
გერმანელმა პირველი ცხრა გეიმიდან რვა თავის სასარგებლოდ დაასრულა და 6:1, 2:0 დაწინაურდა. სწორედ ამ დროს სცადა რუსმა თამაშში გარდატეხის შეტანა. მან უკუბრეიკი გააკეთა და ანგარიში გაათანაბრა, 3:3-ზე კი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და შეეძლო მატჩში პირველად წინ გასვლა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, რასაც საკუთარი გეიმის წაგება მოჰყვა.
ბოლოს კერბერმა მატჩზე ჩააწოდა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. გერმანელი ბრწყინვალე ფორმაშია – მას სამ მატჩში მხოლოდ 13 გეიმი აქვს წაგებული.
1/8 ფინალის წყვილები ქალთა ტურნირზე:
ჰალეპი (რუმ, 1)-ოსაკა (იაპ)
ვოზნიაცკი (დან, 2)-რიბარიკოვა (სლოვაკ, 19)
სვიტოლინა (უკრ, 4)-ალერტოვა (ჩეხ)
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 6)-სტრიკოვა (ჩეხ, 20)
გარსია (საფ, 8)-კისი (აშშ, 17)
კერბერი (გერ, 21)-ჰსიე (ტაივ)
კონტავეიტი (ესტ, 32)-სუარეს ნავარო (ესპ)
მარტიჩი (ხორ)-მერტენსი (ბელ)