ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე პირველი რვა მერვედფინალისტი გამოვლინდა. მეხუთე სათამაშო დღესაც არ ჩაუვლია სენსაციის გარეშე. ტურნირს გამოეთიშა მეშვიდე ნომრად განთესილი ელენა ოსტაპენკო, რომელიც როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონია. ლატვიელი თითქმის ორსაათიან ბრძოლაში დამარცხდა ესტონელ ანეტ კონტავეიტთან – 3:6, 6:1, 3:6. ოსტაპენკოს მარცხის ძირითადი მიზეზი მოწოდებაზე ცუდი თამაში იყო – მან პირველი მოწოდებით ქულების 54 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 32, ხოლო მეტოქეს 20 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა და ცხრაჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. კონტავეიტი მერვედფინალში ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს შეხვდება, რომელმაც კიდევ ერთი ესტონელი კაია კანეპი დაამარცხა.
წინა წრეში ორი მატჩბოლის მოგერიებისა და სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ საათსა და 27 წუთში მოუგო ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს – 6:4, 6:3.
აღსანიშნავია, რომ ბერტენსს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ რეალიზაცია არ უვარგოდა. ვოზნიაცკი მერვედფინალში სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვას შეხვდება.
დასრულდა ავსტრალიის ღიაზე 15 წლის უკრაინელი მარტა კოსტიუკის ზღაპარი. ორი წრის გავლის შემდეგ, მან თანამემამულე ელინა სვიტოლინასგან მიიღო საჩოგბურთო გაკვეთილი – მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა 59 წუთში მოიგო 6:2, 6:2.
1/16 ფინალის შედეგები:
ვოზნიაცკი (დან, 2)-ბერტენსი (ჰოლ, 30) 6:4, 6:3
სვიტოლინა (უკრ, 4)-კოსტიუკი (უკრ) 6:2, 6:2
კონტავეიტი (ესტ, 32)-ოსტაპენკო (ლატ, 7) 6:3, 1:6, 6:3
რიბარიკოვა (სლოვაკ, 19)-ბონდარენკო (უკრ) 7:5, 3:6, 6:1
მარტიჩი (ხორ)-კუმხუმი (ტაი) 6:3, 3:6, 7:5
მერტენსი (ბელ)-კორნე (საფ) 7:5, 6:4
ალერტოვა (ჩეხ)-ლინეტი (პოლ) 6:1, 6:4
სუარეს ნავარო (ესპ)-კანეპი (ესტ) 3:6, 6:1, 6:3