აურელიო ჩოკოი - მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირისგან სჭირდებათ წახალისება, რომ ჩვენი სამი ქვეყნის შემთხვევაში კარი დახურული არ არის
ბუნებრივია, რომ მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ გააერთიანა ძალისხმევა, თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთ პარტნიორობაში შექმნილ ცვალებად სიტუაციას, – ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, აურელიო ჩოკოიმ კონრად-ადენაუერ-შტიფტუნგის ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის მიზანია ევროპული ოჯახის წევრობა.
„ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამმა ქვეყანამ გააერთიანა ძალისხმევა, არის ბუნებრივი მოვლენა, თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთ პარტნიორობაში შექმნილ სიტუაციას, რომელიც საკმაოდ ცვალებადია. არსებობს ორი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გავაერთიანეთ ჩვენი ძალისხმევა. პირველი – ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების შვიდი წლის შემდეგ, ჩვენ განვსაზღვროთ, როგორ გამოვიყენოთ მომენტი და გამოვიყენოთ შეთანხმებების პოტენციალის მაქსიმუმი, რათა გავხსნათ ახალი ჰორიზონტები. ეს უნდა მოხდეს დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე. მეორე – როგორ უზრუნველვყოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ვითარდება მისი პარტნიორების საჭიროებებისა და მისწრაფებების შესაბამისად. ეს ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. უდავოა, რომ ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი.
ჩვენ გვესმის იმ სენსიტიურობის, რომელიც ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებობს ევროკავშირის შიგნით, თუმცა ამის მიუხედავად, ეს არის სამი ასოცირებული წევრის მთავარი მიზანი – მივაღწიოთ იმ დღეს, იმ ეტაპს, როდესაც ერთ დღეს მზად ვიქნებით, შუვუერთდეთ ევროკავშირს. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება საშუალოვადიან პერსპექტივაში და არა გრძელვადიანი პერსპექტივაში. ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს საზოგადოებებს სჭირდებათ პოლიტიკური წახალისება ევროკავშირისგან, მკაფიო გზავნილის მსგავსი, რომ ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყნის შემთხვევაში კარი არ არის დახურული“, – განაცხადა ჩოკოიმ.