„აუდიტორია 115"-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
„აუდიტორია 115″-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის ქუჩაზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.
“აუდიტორია 115”-ის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის გზის გადაკეტვის გამო დაპირისპირება მოხდა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, აქცია იყო მშვიდობიანი, რა დროსაც დააკავეს აქტივისტები.
„ჩვენ ცოტა ხნით ჩამოვსხედით გზაზე, რაც არის ჩვენი კანონიერი უფლება, როგორც ფორმიანებს ჩვევიათ დაიწყეს დაკავება. აქცია სრულიად მშვიდობიანია და სირცხვილია პოლიციის ასეთი ქმედება. ველოდებით, რომ ჩვენი თანამოაზრეები უკან დააბრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება ზომები”, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
„აუდიტორია 115”-ის წევრები სლოგანით „სოლიდარობა ტყიბულს” აქცია მართავდნენ. ისინი უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის „აუდიტორია 115”-ის წევრ ლევან ლორთქიფანიძის განმარტებით, ისინი მომხდარის გამო ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომასა და ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმის შემუშავებას ითხოვენ.