აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობისას აღმოჩენილი დარღვევები ანტიკორუფციულ სააგენტოს გადაეგზავნა 
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობისას აღმოჩენილი დარღვევები ანტიკორუფციულ სააგენტოს გადაეგზავნა 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუთაისის მუნიციპალიტეტში, სოციალური საცხოვრისის მშენებლობისას აღმოჩენილ დარღვევებში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ხედავს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაული სამი ძირითადი მიმართულებით იკვეთება – მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსის პირობების კონკრეტულ ადამიანზე მორგების, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების და საბიუჯეტო სახსრების გადლანგვის მიმართულებით.

„სოციალური საცხოვრისი თემას რაც შეეხება, აუდიტის სამსახურმა ნამდვილად შეისწავლა აღნიშნული საკითხი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ შეფასება არის ასეთი, რომ პროცესი მუნიციპალიტეტმა წარმართა იმგვარად, რომ ჩვენი შეფასებით არსებობს რისკი, რომ კონკრეტული კონკურსის პირობები და ვადები მორგებული იყო კონკრეტული მიმწოდებლის, კონკრეტული ადამიანის ინტერესებს, რამაც გამოიწვია ის, რომ საბოლოო ჯამში სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ და ჩვენი შეფასებით, ასევე სავარაუდოდ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები ზედმეტად არის გადახდილი“, – განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, კონკურსზე მოთხოვნილი იყო ისეთი პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც რეალურად შეეძლო მხოლოდ ერთ მიმწოდებელს.

„ჩვენი შეფასებით არსებობს რისკი, რომ თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა მერიას თუ ვის უნდა გაემარჯვა აღნიშნულ კონკურსში. აგრეთვე პრობლემას წარმოადგენდა ფაქტი, რომ უშუალოდ კონკურსის პირობებით როგორი საცხოვრებელი სახლიც უნდა აშენებულიყო, მისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული საცხოვრებელი სახლი აშენდა, საცხოვრისადაც კი არ გამოდგება. დანაშაული იკვეთება რამდენიმე მიმართულებით, აქ საუბარია კონკურსის პირობების კონკრეტულ ადამიანზე მორგებაზე, სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან და საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი მამრიკიშვილმა.