აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორი შემომწირველისთვის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორი შემომწირველისთვის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორი შემომწირველისთვის ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ფიზიკური პირების შემოწირულებების შესწავლის პროცესში შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია გამოთხოვილია 576 ფიზიკურ პირზე.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების დასაბუთების მიზნით გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის მოიწვიეს 31, ხოლო გამოიკითხა 11 პირი. მოწვეული ფიზიკური პირების დიდი ნაწილის იურიდიული მისამართი განსხვავდება ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართისგან, რაც ხელს უშლის აუდიტის სამსახურს შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის დროულად გადამოწმებაში.

„ორ შემთხვევაში განხორციელებული შემოწირულება სამსახურმა მიიჩნია აკრძალულ შემოწირულებად, რადგან თანხის წარმომავლობა ვერ იქნა დასაბუთებული: 1. ლაშა ცუცქირიძე – 10.10.2018 წელს განახორციელა 10,000 ლარის შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. 2. ნიკოლოზ დალაქიშვილი – 24.09.2018 წელს განახორციელა 2,000 ლარის შემოწირულება „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ. აღნიშნული პირების მიმართ სამსახურის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. შესაბამისი მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოთხოვნილია კანონით გათვალისწინებული ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრება.

ასევე, შესწავლილ იქნა „ჩაჩავას კლინიკისა“ და „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების მიერ ოქტომბრის დასაწყისში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა შემოსავლების სამსახურიდან და საბანკო დაწესებულებებიდან. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად სამსახურმა გასაუბრებაზე მოიწვია ოთხი ფიზიკური პირი, რომელთაგან ორმა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია, ხოლო ორი ფიზიკური პირის მოწვევა იგეგმება ალტერნატიული მისამართების გამოყენებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.