აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა წყალმომარაგების სისტემაზე მილიონამდე დახარჯა, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უხარისხო წყალი მიწოდება
ბორჯომის მერიამ წყალმომარაგების სისტემაზე 2018-2019 წლებში 935.8 ათასი ლარი დახარჯა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდება ისეთი წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია.
ასევე, ანგარიშში სამგზავრო ავტობუსებისა და სპეცტექნიკის შესყიდვის ნაკლოვანებებზეა საუბარი.
„მუნიციპალიტეტმა მგზავრთა შიდა საქალაქო გადაყვანის სატრანსპორტო საშუალებების და ნაგავმზიდების შესყიდვის პროცესში სათანადოდ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა. ამასთანავე, შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრა ისე, რომ ერთი მიმწოდებელი აღმოჩენილიყო უპირატეს მდგომარეობაში. შესყიდვის პროცესში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, მუნიციპალიტეტს არ მიეცა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობა. განხორციელებული შესყიდვების ფარგლებში მიმწოდებელმა მერიას სამგზავრო ავტობუსები 410.8 ათასლარიანი (31%) ფასნამატით მიაწოდა. ასევე, სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2019 წლებში 413.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და დაზიანებულია“, – წერია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშში.