აუდიტის სამსახურის დასკვნაში ოთარ ფარცხალაძის კომპანიაზეა საუბარი
აუდიტის სამსახურის დასკვნაში ოთარ ფარცხალაძის კომპანიაზეა საუბარი

აუდიტის სამსახურის დასკვნაში, 2015-2016 წლებში თბილისში უძრავი ქონების მართვის პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტზე“.

რეესტრის მონაცემებით, ფარცხალაძე დღეს კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორია.

დოკუმენტის მიხედვით, 2012 წელს, გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება 2016 წელს მიწის ნაკვეთით მოხდა. ამასთან, ზარალის მიღების პერიოდთან შედარებით, ნაკვეთის ღირებულება დაახლოებით  5-ჯერ მეტი იყო.

ფარცხალაძის კომპანია მიწის ნაკვეთის მფლობელი 2016 წლის 29 თებერვალს გახდა, ზარალი კი, იმავე წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურდა.

„შპს „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტს“ გზის გაყვანით შესაძლო ზარალი მიადგა 2012 წელს. მერიის მიერ ზარალის შეფასება და ანაზღაურება კი განხორციელდა 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით მიწის საბაზრო ღირებულების მიხედვით. მიწის ნაკვეთზე გზის გაყვანით მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, მერიამ 1 კვ.მ-ზე გადაიხადა 1 136 ლარი, ჯამში 2 302 კვ.მ-ზე – 2 615.1 ათასი ლარი. მაშინ, როდესაც გზის გაყვანით ზარალის მიღების პერიოდში შპს „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მის საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთი, რომლებიც მდებარეობდა 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, გაასხვისა 1 კვ.მ – 223 ლარად. შესაბამისად, თანხობრივი სხვაობა არის 2012 წლის მდგომარეობით ზარალის სავარაუდო ღირებულებასა და კომპენსაციას შორის. კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულებად 223 ლარს, 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფასი და გასაცემი კომპენსაცია ზარალის მიყენების პერიოდში იქნებოდა დაახლოებით 513.3 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც პროცესის გაჭიანურების გამო, მერიის მიერ ზარალი შეფასდა და ანაზღაურდა 2 615.1 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთით“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გარდა ამისა, 2016 წლის 27 ივლისს შპს „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიმართა თბილისის მერიას, მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართების მომიჯნავედ, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზების მოთხოვნით. აღნიშნული ქონება კომპანიამ 975.4 ათასი ლარად შეიძინა.

„არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოს ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვით აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. შედეგად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დასკვნაში.