აუდიტის სამსახური - თერჯოლაში მოქალაქეს სახურავის შეკეთება სურდა, მას კი, ბლოკი და ცემენტი გადაეცა
აუდიტის სამსახური - თერჯოლაში მოქალაქეს სახურავის შეკეთება სურდა, მას კი, ბლოკი და ცემენტი გადაეცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ბიუჯეტიდან უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარების მიზნით 149.9 ათასი ლარი ლარი დახარჯა. 2017 წელს პროგრამა ითვალისწინებდა მოქალაქეების უზრუნველყოფას საჭირო სამშენებლო მასალებით, არა უმეტეს 500 ლარის ღირებულებით.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეს განცხადებით მოთხოვნილი ჰქონდა ერთი სახეობის სამშენებლო მასალა, ხოლო კომისიის დასკვნით, მასზე სხვა სახეობის მასალა გაიცა. მაგალითად, თერჯოლაში მცხოვრებმა მოქალაქემ მოითხოვა დახმარება სახურავის შეკეთების მიზნით, ხოლო მუნიციპალიტეტმა გასცა ბლოკი და ცემენტი.

ამასთან, მოსახლეობისთვის გადაცემული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი (23.5 ათას ლარზე მეტი ღირებულების) აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დასაწყობებული იყო და არ გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ.

რამდენიმე შემთხვევაში, ბენეფიციარზე გაცემული სამშენებლო მასალები მიზერულია და მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაშიც ვერ გაუმჯობესდება მისი საცხოვრებელი პირობები.

2018 წელს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, შეიცვალა პროგრამის ფარგლებში გასაცემი დახმარების ფორმა და ის გაიცემა ფულადი სახით, არა უმეტეს 1000 ლარის ოდენობით. თუმცა, აუდიტის სამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს თანხის მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგს.