აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდის მართვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდის მართვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტშია აღნიშნული, უწყებაში წლების განმავლობაში დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა და კონტროლის სუსტი მექანიზმები.
დოკუმენტში მითითებულია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. საბინაო ფონდის სიმცირის გამო კი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვან ნაწილს, სახელმწიფოსგან სამსახურებრივი (დროებითი) ბინა არ მიუღია.
„ხოლო ვინც მიიღო, მხოლოდ მცირე ნაწილმა დაუბრუნა სამინისტროს დაკავებული ფართი, ზოგიერთმა მათგანმა ბინა საკუთრებად დაირეგისტრირა, ხოლო გარკვეული ნაწილი არაკანონიერად აგრძელებს ბინის გამოყენებას“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინის გადაცემა გათვალისწინებული არ არის. გამონაკლისი 2007 წელს დამტკიცებული კონტრაქტის ნიმუშია, რომლისაც სახელმწიფოს 750 პირისთვის ბინის გადაცემის ვალდებულება აქვს.
„აღნიშნულ პირებს სამინისტრო ოფიციალურად (მინისტრის წერილებით) დაპირდა ვალდებულების შესრულებას 2020 წლის ბოლომდე“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული პირების ბინით დაკმაყოფილების გარკვეული პოტენციალი გააჩნია, რასაც არ იყენებს. მაგალითად, მცხეთის ერთ-ერთ სამხედრო ქალაქში მდებარე ორ კორპუსში დალუქულია 28 ბინა, რომელთა ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იყოს ზემოხსენებული მოსამსახურეებისთვის საკუთრებაში გადასაცემად.
ასევე, სამხედრო მოსამსახურეებს ბინა შეიძლება, გადაეცეთ საკუთრებაში, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის მაისის მდგომარეობით სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა დაახლოებით 18 591 ბინა. აქედან 13 451 ბინა წლების განმავლობაში პრივატიზებულია, 1 883 ბინაში არაკანონიერად შეჭრილი პირები ცხოვრობენ, 255 დაკეტილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, 330 საცხოვრებლად უვარგისია, 1 063 ბინაში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ, 1538 დაკავებულია ფლობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტის საფუძველზე, 71 ბინა კი, თავისუფალია.