აუდიტის სამსახური - გორის მუნიციპალიტეტმა ანგარიშზე არსებული მნიშვნელოვანი თანხები ვერ გამოიყენა
გორის მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე მნიშვნელოვანი თანხები გააჩნდა, თუმცა ვერ შეძლო მათი გამოყენება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, ასევე დაუსრულებელი და დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დასრულებისათვის, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების საბიუჯეტო ხარჯებია შესწავლილი.
უწყების ინფორმაციით, 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 5,8 მილიონი ლარი, 2019 წლის პირველი იანვრისთვის კი, 7,3 მილიონი ლარი.
დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიც. კერძოდ, ვერ დაიხარჯა საბავშვო ბაღის მშენებლობის, წყლის სისტემის მოწყობის და საგზაო სამუშაოებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი.
„აღნიშნული მიანიშნებს მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან განკარგვაზე“, – წერია ანგარიშში.