აუდიტის სამსახური - ძალოვანი უწყებებიდან უნიფორმებით სრულყოფილად მხოლოდ შსს არის უზრუნველყოფილი
აუდიტის სამსახური - ძალოვანი უწყებებიდან უნიფორმებით სრულყოფილად მხოლოდ შსს არის უზრუნველყოფილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით, შემოწმებული უწყებებიდან უნიფორმებით სრულყოფილად მხოლოდ შსს არის უზრუნველყოფილი.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკმარისად არ არის უზრუნველყოფილი სხვადასხვა დასახელების უნიფორმით; დაცვის პოლიციაში საორიენტაციო ნორმებთან შედარებით უნიფორმის ნაკლები ოდენობა გაიცემა; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფილია უნიფორმით, გარდა ფეხსაცმლისა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ არის უზრუნველყოფილი ნორმით განსაზღვრული უნიფორმებით.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, თუმცა ვითარება წლების განმავლობაში უმჯობესდება.

ანგარიშში საუბარია რესურსების არაპროდუქტიულ გამოყენებაზე და ნორმის განსაზღვრის ნაკლოვანებაზეც. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უბნის ინსპექტორს, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ფეხით სიარული, ნორმით არ ეკუთვნის ფეხსაცმელი. თუმცა ის გათვალისწინებულია საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის.