აუდიტის სამსახური 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისთვის გადარიცხული 274 736 ლარის ბიუჯეტში დაბრუნებას ითხოვს
აუდიტის სამსახური 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისთვის გადარიცხული 274 736 ლარის ბიუჯეტში დაბრუნებას ითხოვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის გასვლითი მატჩებისთვის უეფა-დან გამოყოფილი 135 000 ევროდან (357 545 ლარი) ფეხბურთის ფედერაციამ 82 809 ლარი დახარჯა.

აუდიტის სამსახური განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომედაციით მიმართავს, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნაკრების საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში გასვლით მატჩებში მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან გადახდილი 274 736 ლარი ფეხბურთის ფედერაციის მიმართ მოთხოვნად აღიაროს და  მისი ბიუჯეტში დაბრუნება უზრუნველყოს.

„უეფა-ს რეგულაციებით, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნაკრების საკვალიფიკაციო გასვლით მატჩებში მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად, უეფა-დან გამოყოფილი თანხიდან – 135 000 ევროდან, ფეხბურთის ფედერაციას უნდა დაეფინანსებინა ხუთი გასვლითი მატჩის – მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯები. ფაქტობრივად, ამ მიზნობრიობით, ერთ გასვლით მატჩში დაიხარჯა ფეხბურთის ფედერაციის 82 809 ლარი, ხოლო ოთხ გასვლით მატჩში – სამინისტროდან ფედერაციაში გადარიცხული საბიუჯეტო სახსრები – 332 320 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის თანახმად, უეფა-ს მიერ გამოყოფილი 135 000 ევრო (357,545 ლარი) გამოყენებულ იქნა ფეხბურთის ფედერაციაზე უეფა-ს მიმართ რიცხული ძველი ვალების დასაფარად.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, იქიდან გამომდინარე, რომ დაფინანსების პირდაპირი წყარო არსებობდა და იმის გათვალისწინებით, რომ უეფა-დან გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი ხუთივე გასვლითი მატჩის დასაფინანსებლად (სხვაობა – 57 584 ლარი), ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესაძლოა, დაფინანსებულიყო მხოლოდ 57 584 ლარი. შესაბამისად, გამოყოფილი 332 320 ლარიდან ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება – 274 736 ლარი.

აუდიტის სამსახურის ანგარიში ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 2015, 2016 წლებსა და 2017 წლის 9 თვეში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობას ეხება.