აუდიტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთისთვის ბათუმში 316 ათასი ლარი არაეფექტიანად დაიხარჯა
ბათუმში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთისთვის 316 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა შპს „სანდასუფთავებამ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არასრულად შეასრულა, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
„მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობა არ არის აღკვეთილი, რასაც მედიის მიერ გაკეთებული არაერთი პუბლიკაცია თუ სატელევიზიო სიუჟეტიც ადასტურებს“, – წერია ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის – „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება“ შესაბამისობის აუდიტში.
ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტს შპს „სანდასუფთავების“ მიმართ არ დაუყენებია მოთხოვნა სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ. მთლიანად ანაზღაურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაც.