ახალი გუნდური ტურნირის ATP Cup-ის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ტურნირზე გამოიყენებენ ვიდეოგამეორებების ახალ სისტემას – Video Review-ს, რომელიც მუშაობის პრინციპით ჰგავს ფეხბურთში დანერგილ ვიდეორეფერის სისტემას (VAR).
ტექნოლოგია უკვე გამოსცადეს ATP-ის ახალგაზრდულ შემაჯამებელ ტურნირზე. ერთ-ერთ მატჩში მთავარმა მსაჯმა გააჩერა შეხვედრა, რადგან მიიჩნია, რომ ნორვეგიელი კასპერ რუუდის დარტყმა ჭერზე დამაგრებულ დიდ ეკრანს მოხვდა. ჩოგბურთელმა მოითხოვა Video Review-ის გამოყენება, მაგრამ გამეორებამ მსაჯის სიმართლე დაადასტურა.
გამეორებების მეშვეობით, მოთამაშეებს შეუძლიათ გააპროტესტონ მსაჯების ნებისმიერი გადაწყვეტილება. მაგალითად, ბურთის ორმაგი ასხლეტა, არასწორი დარტყმები, როცა ბურთი ორჯერ ეხება ჩოგანს, ან როცა მოთამაშე ურტყამს ბურთს, რომელიც ჯერ არ გადასულა ბადის მეორე მხარეს, ასევე მოწმდება მოთამაშის სხეულის შეხება ბურთთან ან ბადესთან.
Video Review-ის ოპერატორი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ კამერას, რათა დაიჭიროს საკამათო ეპიზოდის საუკეთესო რაკურსი. ამასთან, თუ არ იქნა მკაფიო მტკიცებულება, პირველადი გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.
ATP Cup 3 იანვარს დაიწყება ავსტრალიაში. ტურნირში საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.ჩვენი გუნდი B ჯგუფში ესპანეთთან, იაპონიასთან და ურუგვაისთან მოხვდა.