რაფაელ ნადალი როლან გაროსის 14-გზის ჩემპიონია #1TVSPORT
რაფაელ ნადალი როლან გაროსის 14-გზის ჩემპიონია #1TVSPORT

მამაკაცთა ბადეში როლან გაროსის ტრიუმფატორი რაფაელ ნადალი გახდა. ესპანელმა ფინალში ორ საათსა და 22 წუთში სამ სეტში მოუგო ნორვეგიელ კასპერ რუუდს – 6:3, 6:3, 6:0.

წინა სამ ეტაპთან შედარებით, ამჯერად ნადალს იოლი გასეირნება გამოუვიდა. პირველ სეტში მის პირველ ბრეიკს ნორვეგიელმა უკუბრეიკით უპასუხა, თუმცა იქვე ნადალმა ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და პარტია იოლ გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტის პირველ გეიმში რაფამ სამი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა და ცოტა ხანი ინიციატივა რუუდს გადაულოცა. სკანდინავიელი 3:1 დაწინაურდა და მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ის შეხვედრის ბოლომდე ვერც ერთ გეიმს ვეღარ მოიგებდა. 1:3-დან მოყოლებული, ნადალმა ზედიზედ 11 გეიმი აიღო. ამ სერიისას ესპანელმა თავის გეიმებში მხოლოდ ოთხი ქულა დათმო.

მესამე სეტში რაფამ იდეალური თამაში აჩვენა და ჯამში მხოლოდ რვა ქულა წააგო. სრული მატჩის სტატისტიკაც შთამბეჭდავი იყო – პირველი მოწოდებით ქულების 82 პროცენტი მოიგო, 16-დან რვა ბრეიკპოინტი გამოიყენა, 37 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 18 შეცდომა დაუშვა.

ნადალმა მე-14 ტიტული მოიპოვა როლან გაროსზე, 22-ე ტიტული „დიდ სლემზე“ და 92-ე – მთლიანად კარიერაში.