პირველად საქართველოში - ვიდეორეფერი ხვალ გაიტესტება #1TVSPORT
პირველად საქართველოში - ვიდეორეფერი ხვალ გაიტესტება #1TVSPORT

ვიდეორეფერის სისტემას საჯაროდ ხვალ სპორტის უნივერსიტეტის მოედანზე, მოყვარულთა ლიგის მატჩებზე გატესტავენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მოყვარულთა ლიგის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ განუცხადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატში, ფედერაციის ინიციატივით, მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR – ვიდეორეფერი) სისტემის ტესტირება მიმდინარეობს და მალე, აღნიშნული ტექნოლოგია, ქართულ ფეხბურთშიც დაინერგება.

ვიდეორეფერის სისტემის გამოყენება ქართული ფეხბურთისთვის რევოლუციური მნიშვნელობის ფაქტია. მოხარული ვართ, რომ მოყვარულთა ლიგა არის ერთ-ერთი ჩემპიონატი, სადაც ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სისტემის ტესტირება მიმდინარეობს. ვაკის საფეხბურთო ცენტრში, ვიდეორეფერის გამოყენება შაბათ-კვირასაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, – ამბობს ბერდია ჯიბლაძე.

ვიდეორეფერის სისტემას წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე რეგულარულად იყენებენ. სისტემა ფიფა-მ მსოფლიოს 2016 წლის საკლუბო ჩემპიონატსა და 2017 წლის კონფედერაციათა თასზე გამოსცადა. 2018 წელს კი ოფიციალურად მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზეც დაინერგა.

VAR სისტემის დანერგვამ, დღემდე, მსაჯების მიერ შეცდომით მიღებული გადაწყვეტილებების და შესაბამისად, დაჩაგრული გუნდებისა და ნაკრებების რაოდენობა, მსოფლიო ფეხბურთში, საგრძნობლად შეამცირა.