ილია მეორის ათონის მთაზე ვიზიტის ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
„ათონი – პატრიარქის გაზაფხული“, – ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართება დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის ავტორი ზვიად ჭუმბურიძეა.
„ათონი – პატრიარქის გაზაფხული“ ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სტუმრობას.
წიგნი, რომელიც ფოტოალბომის სახით გამოვიდა, ისტორიული ვიზიტის შესახებ ზვიად ჭუმბურიძის მოგონებებს და ათონის მთაზე ილია მეორის სტუმრობის ამსახველ ფოტომასალას აერთიანებს.
„ჩემი წიგნი ეხება პატრიარქის ისტორიულ ვიზიტს ათონის მთაზე, რომელიც 2004 წელს შედგა. ეს იყო ისტორიული იმით, რომ ათსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, ქართველმა პატრიარქმა პირველად შეძლო და მოილოცა ათონის მთაზე ივერონის მონასტერი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი და სიწმინდეები. ქართული სიწმინდეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ათონის მთაზე დაცული, თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგია. პატრიარქი, სინოდის წევრებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსს 2004 წლის 21 მაისს ეწვია და იქ სამ-ნახევარი დღე დაჰყო. წიგნში გამოყენებულია როგორც ჩემი, ისე საპატრიარქოს მიერ გადაღებული ფოტოები. ამ წიგნის გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს ემთხვევა. წიგნი 14 წლის დაგვიანებით გამოიცა“, – განუცხადა პირველ არხს გამოცემის ავტორმა, ზვიად ჭუმბურიძემ.
ზვიად ჭუმბურიძე 2003-2007 წლებში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.