მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს საქართველოს მოქალაქეებმა სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან. სხვადასხვა ავტოკლუბის ორგანიზებით, მოქალაქეებმა მცხეთიდან, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ატოცის მიმართულებით საკუთარი ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, რომლებზეც საქართველოს დროშები ჰქონდათ დამაგრებული.
მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ასევე მიიტანეს ბანერი, რომლითაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ე.წ. საზღვარზე საქართველოს დროშები დაამაგრეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება.
მოქალაქეთა მშვიდობიანი აქციის პარალელურად ე.წ. საზღვართან საოკუპაციო ძალების მობილიზება იყო. საოკუპაციო რეჟიმმა სამხედროები საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ განალაგა, რაც მათ დაინახეს, რომ საქართველოს მოქალაქეები იკრიბებოდნენ.