„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა.
თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის – 51-ე, ხოლო სახელმწოფოთა შორის 50-ე ადგილზე გავიდა, სტატუსით „ზომიერად თავისუფალი“. თავისუფლების დონით საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს.
თავისუფლების ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს ოთხ კატეგორიად: მაღალი თავისუფლება; ზომიერი თავისუფლება; თავისუფლების დაბალი დონე და თავისუფლების უდაბლესი დონე. ორგანიზაცია თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. თავისუფლების შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით საქართველომ 73,38 პროცენტი მიიღო.
კეთილდღეობის ინდექსში შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით საქართველოს 74,99 პროცენტი აქვს და მსოფლიოში 46-ე ადგილზეა. კეთილღეობის შეფასება ეფუძნება ექვს საყრდენს: შემოსავლების დონე; გარემოს დაცვა; უმცირესობების ინტერესების დაცულობა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; განათლება; თანასწორობა. კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს ოთხ კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ, ინდექსის მიხედვით, „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაერო-ს, ამერიკული ორგანიზაციის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.