„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.
თავისუფლების ხანგძლივი სარეიტინგო პროგრესით, 2012 წლის შემდეგ საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.
„ატლანტიკურ საბჭოს“ გამოქვეყნებული აქვს თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ატლასი, რომელიც 2023 წლის თავისუფლების ინდექსის დეტალურ ანალიზს მოიცავს. თავისუფლების ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ჰყოფს ოთხ კატეგორიად: თავისუფალი; უმეტესწილად თავისუფალი; უმეტესწილად არათავისუფალი და არათავისუფალი ქვეყნები.
საქართველო რეიტინგში მსოფლიოს იმ 45 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ.
ამასთან, თვისუფლების რეიტინგში საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც თავისუფლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველო რეიტინგში უსწრებს პოლონეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, თურქეთს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყნას. საქართველო პოსტაბჭოთა ქვეყნებს შორის ბალტიისპირეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. პროგრესის ნახტომისებური აღმავლობით ორი სახელმწიფო გამოირჩევა – საქართველო და ხორვატია.
„პროგრესი მიდრეკილია, თანდათანობითი ან ციკლური იყოს, იშვიათად კი დისკრეტული ნახტომებით განხორციელდეს. რამდენადაც ასეთი აღმავალი ნახტომები ჩანს მონაცემებში, ისინი გვხვდება ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში, როგორებიცაა ხორვატია და საქართველო“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
თავისუფლების ინდექსს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.