„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი - აშშ რუსეთზე გაცილებით ძლიერია, გვიანი არ არის, რომ მტკიცე განცხადებები გავაკეთოთ, უნდა შევწყვიტოთ საუბარი დიალოგზე, მოსკოვი ომით იმუქრება
„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი – აშშ-მა უნდა აჩვენოს ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჰგავს ირმის შერკინებას დათვთან და ვიცით, ვინ გაიმარჯვებს, – ეს განცხადება ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა ონლაინ დისკუსიის დროს გააკეთა, რომლის მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზაცია და დასავლეთისთვის წაყენებული მოთხოვნები იყო.
„ბაიდენისა და პუტინის ვირტუალური სამიტი გახლდათ ძღვენი კრემლისთვის. რა მოხდა ამ სამიტის შემდეგ? რუსეთის პროვოკაციები გაგრძელდა. აშშ ამბობს, მოდით გავმართოთ მოლაპარაკებები. რუსეთი კი საუბრობს ნაბიჯებზე, რომლებიც ომისკენ გზას ხსნის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი საუბრობდა ამ შეშლილი პროვოკაციის შესახებ, რომ თითქოსდა, აშშ-ს ქიმიური იარაღი ჩააქვს უკრაინის აღმოსავლეთში. პარალელურად კი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობდა, რომ აშშ რუსეთთან დიალოგს დაიწყებს იანვარში. ეს ირმის და დათვის შერკინებას ჰგავს და ჩვენ ვიცით, ვინ იქნება გამარჯვებული. ჩვენ ვაჩვენეთ სისუსტე. ეს ხდება რეგულარულად“, – განაცხადა ჰერბსტმა.
მისივე თქმით, პუტინი ცდილობს, მუქარით მოიპოვოს დათმობები ვაშინგტონისგან, თუმცა აშშ-სგან სერიოზული წინააღმდეგობის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი უკან დაიხევს.
„მე არ მეპარება ეჭვი, რომ ევროპაში არის ბევრი ადგილი, სადაც შვებით ამოისუნთქებენ, თუ პუტინი დაიპყრობს მხოლოდ მარიუპოლს ან თუ პუტინი ძალებს მაგალითად მხოლოდ ხარკოვამდე მიიყვანს. ისინი იტყვიან შეხედეთ, ახალი ომი არ არის, ამიტომ მოდი, სანქციები მოვხსნათ. სამწუხაროდ, ვაშინგტონშიც არიან ადამიანები, ვინც ასე ფიქრობს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ძალა. აშშ რუსეთზე გაცილებით ძლიერია ყველა კატეგორიაში. ჩვენ უკვე დავთმეთ, მაგრამ ჯერ გვიანი არ არის, რომ მტკიცე განცხადებები გავაკეთოთ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი დიალოგზე, მოსკოვი ომით იმუქრება“, – განაცხადა ჰერბსტმა.