ატლანტას საერთაშორისო აეროპორტი ელექტროენერგიის გამორთვის გამო ნაწილობრივ დაიხურა
ატლანტას საერთაშორისო აეროპორტი ელექტროენერგიის გამორთვის გამო ნაწილობრივ დახურულია, უმეტესი ფრენები კი გაუქმებული.
ეს მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტია, რომელიც ყოველდღიურად 250 000 მგზავრს ემსახურება და 2500 ფრენას ახორციელებს.
ელექტროენერგიის გამორთვის გამო, მგზავრები ჩაბნელებულ ტერმინალებში დარჩნენ. მათი ნაწილის თვითმფრინავებიდან ჩამოყვანაც ვერ ხერხდება.
აეროპორტს რეისების მიღებაც შეწყვეტილი აქვს. მათი ნაწილის სხვა აეროპორტებში გადამისამართება ხდება, ზოგიერთს კი უკან, გამოფრენის ადგილას აბრუნებენ.
აეროპორტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი იძულებულები გახდნენ, კვირას, ადგილობრივი დროით 13:00 საათის შემდეგ ელექტროენერგია გამოერთოთ.
„ჯორჯია ფაუერი“, რომელიც აეროპორტის ენერგომომმარაგებელია, აცხადებს, რომ მიზეზი მიწისქვეშ განთავსებულ ელექტრომოწყობილობებზე გაჩენილი ხანძარი იყო.