ატლანტას მერი - დონალდ ტრამპი უბრალოდ უნდა გაჩუმდეს, ის საუბრობს და ყველაფერს აუარესებს
ატლანტას მერი, კეიშა ლენს ბოთომსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადებები ქვეყანაში დაძაბულობას ამძაფრებს. ატლანტას მერი დონალდ ტრამპს მოუწოდებს გაჩუმდეს.
„ის უბრალოდ უნდა გაჩუმდეს. ეს შარლოტსვილია ისევ. ის საუბრობს და ყველაფერს აუარესებს. არის მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა გაჩუმდე და იმედი მაქვს, რომ ის ამას გააკეთებს. ან თუ არ შეუძლია ჩუმად ყოფნა, თუ ვინმე არის თეთრ სახლში მოაზროვნე, დააყენეთ ის სუფლიორის წინ და ილოცეთ, რომ დაწერილს წაიკითხავს და სულ მცირე სწორ აქცენტებს გააკეთებს, რადგან ის ახლა უარესს აკეთებს“, – აცხადებს მერი.
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება. აქციები უკავშირდება ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას. მომხდარის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც პოლიციელი უიარაღო ფლოიდს რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება კისრის არეში, მოქალაქეთა აღშფოთება მოჰყვა. თავდაპირველად აქციები მინეაპოლისში გაიმართა, რაც ძალადობაში გადაიზარდა. ამის გამო ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდია. ქალაქში მოქმედებს კომენდანტის საათი.
პოლიციელი, რომელმაც გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, ფლოიდის ოჯახის წევრები სამართალდამცველის მიმართ ბრალის დამძიმებას და სხვა პოლიცილების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ.