ათენში შრომითი რეფორმის შესახებ კანონპროექტის გამო გამოცხადებულმა გაფიცვამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა
ათენში შრომითი რეფორმის შესახებ კანონპროექტის გამო გამოცხადებულმა გაფიცვამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვა პარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრამდე გამოცხადდა. შეჩერებულია საბორნე მიმოსვლა, შეზღუდულია ავტობუსების, მეტროსა და რკინიგზის მუშაობა.
ტრანსპორტის სექტორის თანამშრომელთა გაფიცვას სხვა საჯარო მოხელეების ნაწილიც შეუერთდა.
პროფკავშირები შიშობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ შესაძლოა, საჯარო სექტორის თანამშრომლების სამუშაო საათები გაიზარდოს, ასევე შესუსტდეს დასაქმებულების უფლებები.
პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმა ითვალისწინებს ათეული წლების წინ, ციფრულ პერიოდამდე მიღებული მოძველებული კანონების მოდერნიზებას, რომლებიც დასაქმებულების უმეტესობას ოფისებსა და საწარმოებში ერთსა და იმავე დადგენილ დროს გამოცხადებას ავალდებულებდა.