ათენში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ათენში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საბერძნეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ათასობით სტუდენტი და რკინიგზის თანამშრომელი აპროტესტებდა 28 თებერვალს საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიაზე ხელისუფლების რეაქციას.

როგორც მედია წერს, მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა, საპასუხოდ კი პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას 57 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზად ადამიანური შეცდომა დაასახელა, თუმცა, საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დღეს მსხვერპლთა ოჯახებს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ტრაგედიის მიზეზები სწრაფად იქნება გამოძიებული.

ავარიის შემდეგ ამ ეტაპზე ბრალი აქვს წარდგენილი სადგურის უფროსს. მას ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებაში ადანაშაულებენ. რკინიგზის თანამშრომელთა პროფკავშირი ამტკიცებს, რომ ავარიის მიზეზი უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობა იყო. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რკინიგზის უსაფრთხოების სისტემის განახლების გეგმა და ვადები წარადგინონ.