ატენის სიონის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება
ატენის სიონის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ატენის სიონის კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაოებში სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორების ჯგუფი იმუშავებს, ხოლო პროცედურები ლონდონის კურტოს უნივერსიტეტის სპეციალისტების კონსულტაციებით განხორციელდება.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უკვე დასრულდა ატენის სიონის ეკლესიის ინტერიერისა და საპირე წყობის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი. კონსერვაციის პროცესი კედლის დასავლეთ სეგმენტებზე მიმდინარეობდა, სამუშაოები კი, ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის რესტავრატორების მიერ განხორციელდა.

სააგენტოს ცნობით, ეკლესიის ინტერიერის დასავლეთისა და სამხრეთის აფსიდის კონქებში არსებული ფასადური წყობიდან ქვების ჩამოცვენის რისკი დაზიანებული სახურავიდან წლების წინ ნადენმა წყალმა შექმნა, რამაც ისინი საფუძვლის ფენას მოაცილა. მათი ძირითად კოსტრუქციაზე ხელახალი ჩაბმა უჟანგავი ლითონის ანკერებისა და სათანადო მინარევების გამოყენებით მოხერხდა.