სინტია ჰუგერი - აშშ-ის მთავრობა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ ამაყობენ, რომ საქართველოს პარტნიორები არიან
„ათასწლეულის განვითარების კორპორაციამ“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტოს წარმოადგენს, ბოლო ხუთის წლის განმავლობაში, საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში 140 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, აქედან 16 მილიონი აშშ დოლარი პროფესიული განათლების პროგრამების შექმნას მოხმარდა. ამის შესახებ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დირექტორმა, სინტია ჰუგერმა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ დღეს საქართველოს პირველის არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადეს.
გადაცემაში 140 მილიონიანი საგრანტო კომპაქტის შედეგები განიხილეს, რომელიც მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროში ჩაიდო. კომპაქტი წლის ბოლოს სრულდება და მის ფარგლებში 51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა, საჯარო სკოლის 17 800 მასწავლებელი გადამზადდა და 81 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკული სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის გავლა საქართველოშივე გახდა ხელმისაწვდომი.
სინტია ჰუგერმა აღნიშნა, რომ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ქვეყნებზე გრანტებს გასცემს, საქართველოსთან უკვე 15 წელია, თანამშრომლობს და მასზე 500 მილიონი დოლარის დახმარება აქვს გაცემული. აქედან 395 მილიონ დოლარზე მეტი პირველი კომპაქტის ფარგლებში ინფრასტრუქტურასა და აგრობიზნესის განვითარებაზე დაიხარჯა, 140 მილიონი კი, მეორე კომპაქტის ფარგლებში მხოლოდ განათლების სექტორში ჩაიდო. ჰუგერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კორპორაციის ბენეფიციარი ქვეყნებიდან პირველია, სადაც საგრანტო კომპაქტი მხოლოდ განათლების სექტორზე გაიცა.
„აშშ-ის მთავრობა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ ამაყობენ, რომ საქართველოს პარტნიორები არიან. ჩვენმა საბჭომ გადაწყვიტა, მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კომპაქტის დამატება, რომელიც განათლებაზე იქნებოდა ფოკუსირებული. ეს არის „ათასწლეულის ფონდის“ პირველი კომპაქტი, რომელიც მხოლოდ განათლებაზეა ორიენტირებული. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქართველ ხალხთან მიღებული შედეგები განსაკუთრებული იყო. 81 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს სამომავლოდ შესაძლებლობა ექნებათ. უკეთესი განათლება მიიღონ სკოლებში, სადაც გაუმჯობესდა გათბობის სისტემები, განათება, ავეჯი და ა.შ.“, – განაცხადა ჰუგერმა.
მაგდა მაღრაძის თქმით, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას“ საქართველოზე უკვე 500 მილიონი აშშ დოლარის გრანტი აქვს გაცემული. აქედან 140 მილიონი მთლიანად ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ჩაიდო, როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
„აღსანიშნავია, რომ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ 16 მილიონი დოლარი პროფესიული განათლების განვითარებისთვის გაიღო. 51 ახალი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა შევქმენით, რომლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, დასაქმდნენ, რადგან შრომის ბაზარს სწორედ ასეთი კადრები სჭირდება. მნიშვნელოვანია ამერიკული სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც პირველი შემოვიდა საქართველოში თავისი ბაკალავრიატის პროგრამებით და წელს პირველი კურსდამთავრებულები გვყავს, რომელთაც ამ პროგრამებში ამერიკული დიპლომები მიიღეს. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, – განაცხადა მაღრაძემ.
მისი განმარტებით, სან-დიეგოს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგები შრომის ბაზარზე კომპაქტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგად შეირჩა და ამერიკული უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას კომპაქტის დასრულების შემდეგაც განაგრძობს.
„სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამების შეთავაზებას განაგრძობს. წელს ინტერესი განსაკუთრებით დიდია და ძალიან ბევრი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ამ პროგრამებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების პროგრამებში უკვე ორი ათასამდე სტუდენტი გვყავს. 700-მა უკვე დაამთავრა და მათი უმეტესობა დასაქმებულია“, – განმარტა მაგდა მაღრაძემ.