„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.
როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„ყველაზე ღირებული ინვესტიცია განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციაა. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ აჩვენა მეორე კომპაქტის ფარგლებში. დიდი იმედი გვაქვს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და კვლავ შევძლებთ განათლებაში სწორი ინვესტიციის განხორციელებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოწვეულ სტუმრებს ფონდის 2017 წლის პროექტები და მიღწეული შედეგები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გააცნო.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“ მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ყველა მიმართულებით: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატზე 2017 წელს მივიღეთ 200-ზე მეტი სტუდენტი და დღეისათვის 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ბაკალავრიატის ამერიკულ პროგრამებზე საქართველოში. ფონდმა 2017 წელს დაასრულა 18 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა, ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 30 საჯარო სკოლაა საერთაშორისო სტანდარტებით რეაბილიტირებული. პროფესიული ტრენინგები გაიარა 2 ათასზე მეტმა დირექტორმა და 15 ათასზე მეტმა მასწავლებელმა. პროფესიული განათლების მიმართულებით შემუშავდა 45 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა და 10 პროფესიული სასწავლებელი აღიჭურვა ლაბორატორიებითა და სიმულატორებით”,- განაცხადა მაღრაძემ.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი, კერძო სექტორისა და განათლების სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.
განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელმა საგანმანათლებლო სფეროში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სასიკეთო ცვლილებებს ახორციელებს საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს ყველა ეტაპზე, როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.