ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ინიციატივით, პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ინიციატივით, 5-9 ნოემბერს პროფესიული განათლების კვირეული 2018 ჩატარდება.
კვირეული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციით – „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გაიხსნა.
კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორმა გახსნეს.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, განათლების სფეროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციის მთავარი მომხსენებლები არიან დიდი ბრიტანეთიდან – ბრიტანეთის ავიახაზების British Airways განათლების მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორი, ნაიჯელ ჯერემი და აშშ-დან კორპორაცია „ინტელის“ Intel გლობალური განათლების სექტორის გენერალური დირექტორი ბრაიან გონსალესი.
გამომსვლელი თავიანთი კომპანიების გამოცდილებას განიხილავენ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, ახალი კადრების მომზადებისა და განვითარების და საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
კვირეულის ფარგლებში მოეწყობა „ღია კარის დღე“ 10 საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადაც წარმოდგენილი იქნება ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ახალი პროფესიული პროგრამები.
12 მლნ აშშ დოლარის საგრანტო თანხით დაფინანსდა 10 საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც შეიქმნა 51 ახალი პროფესიული პროგრამა.
პროფესიული განათლების კვირეული 9 ნოემბერს დასრულდება „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2018“ დაჯილდოების ცერემონიალით.