ასუნსიონ სანჩეს რუისი - დეზინფორმაციასთან ბრძოლა ცხრა ნაბიჯიდან პირველია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას
ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან, უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა ევროკავშირის გზაზე საქართველოს ცხრა ნაბიჯიდან პირველია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა განაცხადა, რომელმაც სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერდა და გააგრძელებს საქართველოში დეზინფორმაციის, უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქტივობის მხარდაჭერას.
„დეზინფორმაცია კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ თანმიმდევრულად და მრავალი მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფაქტების შემმოწმებლების, აკადემიური წრეების, მედიისა და სხვა ძირითადი აქტორების მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერდა და გააგრძელებს საქართველოში დეზინფორმაციის, უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქტივობების მხარდაჭერას. ჩვენი ძალისხმევა ეხმარება საქართველოს საზოგადოების სიფხიზლის და მედეგობის გაძლიერებას და ხელს უწყობს მიდგომას, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას, სადაც ყველას თავისი როლი აქვს.
დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ძირითადი ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობებს ვაძლიერებთ და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებით, როგორებიცაა მთავარი ფაქტების შემოწმება, მედიაწიგნიერება და ციფრული წიგნიერება. ეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის თემატური ტრენინგების საშუალებით კეთდება, მათ შორის, ახალგაზრდებისა და უმცირესობებისთვის; ასევე, მასწავლებლებისთვის და სხვა ძირითადი გამავრცელებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების მეშვეობით“, – განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
ასუნსიონ სანჩეს რუისის განმარტებით, ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას, თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებლებთან საინფორმაციო სივრცის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით შესავსებად და მცდარი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად.
„გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე აქტიურად ურთიერთობენ საქართველოს საზოგადოებასთან, რომ ევროკავშირის, გაფართოების პროცესის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. ევროკავშირისკენ სვლის პროცესში საქართველოს სჭირდება სრულყოფილი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის სექტორთაშორისი და გაზომვადი სამოქმედო გეგმა მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმებით. დეზინფორმაციასთან ბრძოლა როგორც ეროვნული, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხია“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ.