ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ტომა პესკე დედამიწის ზედაპირიდან 402 კმ სიმაღლიდან პოლარული ციალისთვის გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ეს გახლავთ კოსმოსური სადგურიდან ციალისთვის გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო.
სურათი, რომელიც პესკემ 20 აგვისტოს გადაიღო, ასახავს პლანეტის თავზე დაკლაკნილ მწვანე ზოლებს. ჰორიზონტისკენ წითელი სინათლეც მოჩანს, ქვეშ კი, ოკეანის თავზე გადაფენილი ღრუბლები.
„კიდევ ერთი ციალი, მაგრამ ეს კონკრეტული გამორჩეულია იმით, რომ ზედმეტად კაშკაშაა. სავსე მთვარე დედამიწის ღამის მხარეს ისე ანათებს, თითქოს დღე იყოს“, — წერს პესკე ტვიტერზე.
ასტრონავტი არ აკონკრეტებს, პლანეტის რომელ ნაწილშია გადაღებული ფოტო; არც იმას ამბობს, ჩრდილოეთის ციალია ასახული თუ სამხრეთის.
პოლარულ ციალს იწვევს მზისგან წამოსული დამუხტული ნაწილაკების ჩვენს ატმოსფეროში შემოსვლა. დედამიწის მაგნიტური ველი ამ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს, შემდეგ კი ისინი ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებენ.
მზის ქარის ნაკადი დედამიწას ყოველთვის ურტყამს, მაგრამ ზოგჯერ, მზეზე მომხდარი ამოფრქვევები უფრო მძლავრ ქარებს ტყორცნის და შესაბამისად, ციალიც უფრო შთამბეჭდავია.