ასტრონავტებმა პოლარული ციალი კოსმოსური სადგურიდან გადაიღეს — #1tvმეცნიერება
ასტრონავტებმა პოლარული ციალი კოსმოსური სადგურიდან გადაიღეს — #1tvმეცნიერება

ბოლო პერიოდში ჩვენი მზე ძლიერ აქტიურია და ამის ერთ-ერთი შედეგია თვალწარმტაცი პოლარული ციალები.

მაღალი განედების ცაში, მწვანე ციალი განსაკუთრებით შთამბეჭდავი თებერვლის ბოლო დღეებში იყო. თუმცა, სინათლის ამ საოცარი შოუთი მხოლოდ ხმელეთზე მყოფებმა როდი ისიამოვნეს.

ციალის იშვიათი ხედით ასევე ტკბებოდნენ დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის სიმაღლეზე მყოფი ასტრონავტები.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტის, ჯოშ კასადას და იაპონელი კოიჩი ვასადას მიერ გადაღებულ იშვიათ ფოტოებზე ციალის მწვანე შუქი დედამიწის ღამის ცის ბუნებრივი ოქროსფერი ნათების ფონზე ჩანს.

დედამიწის ცა ბოლომდე ჩაბნელებული არასოდეს არის, ღამითაც კი, მაშინაც კი, თუ მოვაშორებთ სინათლით დაბინძურებას, ვარსკვლავების სინათლეს და მზის გაფანტულ ნათებას.

ღამით, ამ სუსტ ნათებას ღამის ნათებას უწოდებენ და მაშინ ჩნდება, როდესაც მზის რადიაციის მიერ დღისით დაშლილი მოლეკულები კვლავ ერთიანდება და ჭარბ ენერგიას ფოტონების სახით გამოყოფენ. ღამის ნათება მუდმივად ხდება.

ამისგან განსხვავებით, პოლარული ციალი უფრო სიტუაციურია. ჩნდება მაშინ, როდესაც მზის ქარის ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველს ურტყამს, ჩქარდება მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ, მაღალ განედებზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან, სადაც ისინი წვიმასავით მოდის დაბლა, ატმოსფეროს ზედა ნაწილში. იქ ისინი ატმოსფერულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებენ; ამ ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება მოკიაფე მწვანე სინათლე, რომელიც ცაში ციმციმებს.

პოლარული ციალი

დამუხტულ ნაწილაკებს მზე მუდმივად გამოყოფს; თუმცა, ჩვენთვის ხილული ციალი მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მზის ქარი განსაკუთრებით ძლიერია, ძირითადად მზის ამოფრქვევის შემდეგ; ასეთ შემთხვევებში, ციალი ზოგჯერ შუა განედებიდანაც კი ჩანს.

ბოლო ორი წელიწადია, მზე განსაკუთრებით აქტიურია, რადგან მიემართება მისი ჩვეულებრივი, 11-წლიანი ციკლის პიკისკენ და შესაბამისად, ხდება ბევრი ამოფრქვევა.

განსაკუთრებით გამორჩეული იყო თებერვალი, მოხდა M და X-კლასის რამდენიმე მძლავრი ანთება, რომლებიც ანთებათა ყველაზე ძლიერ კატეგორიას მიეკუთვნება.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ციკლი ოფიციალურ პროგნოზებზე უფრო ძლიერია, მზის აქტივობა მაინც შედარებით ნორმალურ დიაპაზონშია და შესაბამისად, მის ასეთ ქცევაში განსაკუთრებით შემაშფოთებელი არაფერია. განსაკუთრებით მძლავრმა ამოფრქვევებმა შეიძლება წარმოქმნას გეომაგნიტური შტორმი, რომელსაც თანამგზავრული და რადიოკომუნიკაციების დაზიანება შეუძლია, ისევე როგორც ელექტროსისტემების. ასეთი რამის შესაძლებლობა ამჟამად უშუალო ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს.

როგორც ჩანს, წინ პოლარული ციალის შთამბეჭდავი სეზონი გველოდება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.