შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.