„ასოშიეთედ პრესი“ - რუსეთი ვენესუელის და კუბის პორტებში სამხედრო გემებს გაგზავნის, რომლებიც ადგილზე ზაფხულის ბოლომდე დარჩებიან და სამხედრო წვრთნებს გამართავენ
რუსეთი კარიბის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავს. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, რუსული სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები კარიბის ზღვაში უახლოეს კვირებში ჩავლენ და იქ ზაფხულის ბოლომდე დარჩებიან. მათ გადაადგილებას მეთვალყურეობას აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტი გაუწევს.
ვარაუდობენ, რუსული გემები შევლენ ვენესუელის და კუბის პორტებში.
როგორც „ასოშიეთედ პრესი“ აღნიშნავს, კარიბის ზღვის აუზში გემების გაგზავნა არის რუსეთის პასუხი აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებაზე.
„რუსეთის პრეზიდენტი ასევე ცდილობს, აჩვენოს მსოფლიოს, რომ რუსეთის ფლოტს შესწევს ძალის დემონსტრირება გლობალურ ასპარეზზე, იმის მიუხედვად, რომ რუსეთმა უკრაინის არმიის თავდასხმების შედეგად რამდენიმე გემი დაკარგა“, – წერს „ასოშიეთედ პრესი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან, „გარდიანის“ ცნობით, კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მომდევნო კვირაში ჰავანის პორტში შევა რამდენიმე რუსული ხომალდი და ასევე, წყალქვეშა ნავი „ყაზანი“, თუმცა ის ბირთვული იარაღით არ იქნება აღჭურვილი.
აშშ-ის კონგრესი რუსეთის მიერ კარიბის ზღვაში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების შესახებ 5 ივნისს იყო ინფორმირებული. ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ რუსული სამხედრო ხომალდები კარიბის ზღვის აუზში ზაფხულის ბოლომდე დარჩებიან.